შინაარსზე გადასვლა

რუსეთი რუსებისთვის

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„რუსეთი რუსებისთვის“ (რუს. Росси́я для ру́сских, „როსსია დლია რუსსკიხ“), პოლიტიკური ლოზუნგი და ეთნო-ნაციონალისტური დოქტრინა, რომლის თანახმადაც რუსეთის სახელმწიფოში პრივილეგირებულ ეთნიკურ ჯგუფს შეიძლება წარმოადგენდნენ მხოლოდ რუსები. იდეის მხარდამჭერები ყველა სხვა ხალხის წარმომადგენლებს მიიჩნევენ მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ანდა ქადაგებენ ქვეყნიდან მათ გაძევებას. ლოზუნგი XIX საუკუნის მეორე ნახევარში გაჩნდა, თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა XX-XXI სს. მიჯნაზე მოიპოვა. ეს იდეა ხშირად რეალიზდება უცხოელების მიმართ ძალადობის სახით, რასაც თან სდევს მსხვერპლი.

ლოზუნგის ავტორობას სხვადასხვა წყარო მიაწერს XIX ს. სამ პოლიტიკურ მოღვაწეს: „შავი ასეულების“ ერთ-ერთ იდეოლოგს ვლადიმერ გრინგმუტს, იმპერატორ ალექსანდრე III-ს ან გენერალ მიხაილ სკობელევს. რუსეთის პირველი რევოლუციის (1905-07 წწ.) დროს პოლიტიკური პარტიების ლეგალიზაციასთან დაკავშირებით ეს ლოზუნგი ბევრი რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფის საბრძოლო შეძახილად იქცა. იდეის მხარდამჭერები მიიჩნევდნენ, რომ „ერთიან და განუყოფელ“ რუსეთის იმპერიაში წამყვანი როლი მხოლოდ რუსებს ეკისრებოდათ. ისინი მტრულად იყვნენ განწყობილი იმპერიაში მცხოვრები სხვა ხალხების მიმართ, მათ უმადურობასა და ორპირობაში ადანაშაულებდნენ და იცავდნენ ცარიზმის რუსიფიკატორულ პოლიტიკას. მიუხედავად ამისა, გაღატაკებულ და ნაციონალიზმის მიმართ იმხანად ინდიფერენტულ რუს გლეხობასა და მუშებში იდეამ ფეხი ვერ მოიკიდა. ლოზუნგის კრიტიკით გამოდიოდნენ ცნობილი პოლიტიკოსები პაველ მილიუკოვი და სერგეი ვიტე, რომლებიც თვლიდნენ, რომ მსგავსი განწყობები საფრთხეს უქმნიდა იმპერიის ერთიანობას.

თანამედროვე რუსეთში ლოზუნგი „რუსეთი რუსებისთვის“ მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ამას განაპირობებს ერთი მხრივ საბჭოთა კავშირის დაშლითა და 1990-იანი წლების კრიზისით გამოწვეული რევანშისტული განწყობები რუსული საზოგადოების დიდ ნაწილში, მეორე მხრივ კი — მიგრაციის გაძლიერება ცენტრალური აზიიდან, ჩინეთიდან და კავკასიიდან. დამოუკიდებელი სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ გამოკითხულებში იდეის მხარდამჭერთა რიცხვი 46%-დან (1998 წ.) 58%-მდე (2005 წ.) გაიზარდა. ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციათა თქმით, ამას ხელი შეუწყო ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გატარებულმა საგარეო და საშინაო პოლიტიკის კურსმა, მ.შ. ჩეჩნეთის ომმა, ანტი-ქართულმა რიტორიკამ და ა.შ. თვით იდეის მხარდამჭერებში ლოზუნგის შინაარსი არაერთგვაროვნად აღიქმება, თუმცა დიდი ნაწილი რუსებს სწორედ ეთნიკური ნიშნით და არცთუ იშვიათად „სლავური“ გარეგნობით გამოარჩევს. არარუსები და უცხოელი მიგრანტები აღიქმება როგორც ყოველი უბედურების წყარო და საფრთხე რუსეთის სახელმწიფოსათვის. ლოზუნგი ხშირად გაისმის ეროვნულ დღესასწაულებზე, პარტიულ მანიფესტაციებზე და ქსენოფობიური ჯგუფების მიერ უცხოელებზე გახშირებული თავდასხმებისას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]